დამსაქმებლის ახალი ვალდებულება
საქართველოს თავდაცვის კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, დამსაქმებელი, ვალდებულია 17 წელს მიღწეული პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე არ მიიღოს სამსახურში.
აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ანუ იმ სამხედროვალდებულის სამუშაოდ მიღება, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი არ არის, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
2024 წლის 1 იანვრიდან, სამხედრო აღრიცხვას, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო რეზერვის ორგანიზებას, (გამოძახება, გაწვევა, გაწვევისგან გათავისუფლება ან გაწვევის გადავადება) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო. შესაბამისად, აღნიშნულ დოკუმენტს გასცემენ სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები მუნიციპალური განყოფილებები (მუნიციპალური დაყოფის პრინციპით, ქალაქ თბილისში ასევე რაიონების მიხედვით). მისამართები მოცემულია თანდართულ ფაილში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ ეტაპზე დოკუმენტი გაიცემა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ცნობა გაიცემა უფასოდ, მაქსიმალურად მოკლე ვადებში.
კანონის სრულად გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე https://matsne.gov.ge/document/view/5916285?publication=2