უცხოელი თანამშრომლებისთვის გარდამავალი პერიოდი 2027 წლის 1 იანვარს იწურება
უცხოელი თანამშრომლებისთვის გარდამავალი პერიოდი 2027 წლის 1 იანვარს იწურება
შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ახალი წესების შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ უცხოელ თანამშრომლებს, რომლებიც საქართველოში უკვე იყვნენ დასაქმებული ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე.
კერძოდ, გარდამავალი წესი ვრცელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ შრომით იმიგრანტებზე, რომლებსაც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ჰქონდათ. ასეთმა პირებმა არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა მოიპოვონ როგორც შრომითი საქმიანობის უფლება, ისე შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.
შესაბამისად, 2027 წლის 1 იანვარი არ უნდა იქნეს აღქმული მხოლოდ პროცედურის დაწყების ან განცხადების წარდგენის ბოლო თარიღად. გარდამავალი დებულება ამ თარიღამდე შრომითი საქმიანობის უფლებისა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მოპოვებას მოითხოვს. ამიტომ პროცედურის წლის ბოლომდე გადადება მნიშვნელოვან სამართლებრივ რისკს ქმნის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმართვის ვადების სწორად დაგეგმვა
შრომითი საქმიანობის უფლების მისაღებად განცხადების წარდგენის მომენტში უცხოელი საქართველოში კანონიერი საფუძვლით უნდა იმყოფებოდეს. შესაბამისად, პირველივე ეტაპზე უნდა გადამოწმდეს თითოეული უცხოელი თანამშრომლის საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძველი და მისი მოქმედების დარჩენილი ვადა.
ამასთან, შრომითი საქმიანობის უფლების მიღებით პროცესი არ სრულდება. თუ უცხოელი უკვე იმყოფება საქართველოში, იგი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად. აღნიშნული 10-დღიანი ვადა პირდაპირ არის დაკავშირებული შრომითი საქმიანობის უფლების მიღების თარიღთან და მისი დაცვა ცალკე გასათვალისწინებელი ვალდებულებაა.
ამასთანავე, ბინადრობის ნებართვაზე მიმართვისას გასათვალისწინებელია საქართველოში კანონიერად ყოფნის დარჩენილი ვადაც. ზოგადი წესის მიხედვით, უცხოელმა ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე, კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა.
შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად კი, სხვა დოკუმენტებთან ერთად, საჭიროა როგორც საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ისე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება.
შესაბამისად, იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ჰყავთ გარდამავალ რეჟიმში მოქცეული უცხოელი თანამშრომლები, მიზანშეწონილია მათი სტატუსების გადამოწმება და შესაბამისი პროცედურების დაწყება წინასწარ, 2026 წლის დასრულებამდე საკმარისი დროით ადრე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლის საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა არ ამოიწუროს შესაბამისი განცხადებების წარდგენამდე.
2027 წლის 1 იანვარი არის გარდამავალი რეჟიმის დასრულების თარიღი და არა პროცედურის დაწყების რეკომენდებული თარიღი. ამიტომ ვადების წინასწარი დაგეგმვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც უცხოელი თანამშრომლის საქართველოში შრომითი საქმიანობის კანონიერად გაგრძელებისთვის, ისე დამსაქმებლის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაცავად.